ერთი რამ რაც მოდის ბიზნესში აღარავის უკვირს დიზაინერების კარუსელია, თუმცა მიუხედავად ამისა, გასული თვეები ამ მხრივ, მაინც განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა. 2024 – 2025 წლებში, 17 ცნობილი მოდის სახლში მოხდა დიზაინერის (შემოქმედებითი დირექტორის) ცვლილება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან მოდის სახლებში, როგორებიცაა: Chanel, Gucci და Versace.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შანელის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა მოდაში ყველაზე სასურველ სამუშაოდ ითვლება. 2025 წლამდე, აღნიშნულ პოზიციას მხოლოდ სამი დიზაინერი იკავებდა: კოკო შანელი, კარლ ლაგერფელდი და ვირჟინი ვიარი. გასული წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა, რომ ფრანგი-ბელგიელი მეთიუ ბლაზი გახდა მეოთხე დიზაინერი, რომელიც შანელის მოდის სახლს ჩაუდგება სათავეში. მეთიუს სადებიუტო კოლექციას 2025 წლის შემოდგომაზე, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილავთ.
2025 წლის ივლისიდან, ახალი შემოქმედებითი დირექტორი ეყოლება იტალიის უდიდეს მოდის სახლს – დემნა გვასალია გახდა ტომ ფორდის შემდეგ, მეორე არაიტალიელი დიზაინერი, რომელიც გუჩის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა. ბუნებრივია, რომ მას შემდეგ, რაც დემნა ბალენსიაგადან გუჩიში გადაინაცვლებს, ბალენსიაგაში ახალი დიზაინერის ერა დაიწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას.
2025 წლის აპრილიდან, პირველად, ვერსაჩეს მოდის სახლის ისტორიაში, ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი ვერსაჩე აღარ იქნება. 13 მარტს, 69 წლის დონატელა ვერსაჩემ ბრენდის კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა, მის ადგილზე კი, Versace-მ მიუ მიუს დიზაინერი – დარიო ვიტალე წარადგინა. დარიო დღემდე ფარდის მიღმა მუშაობდა, მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, კოლექციები არ გვინახავს. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად არავინ იცის, თუ რას უნდა ველოდოთ დარიო ვიტალესგან.
მარტში, 11 წლიანი მნიშვნელოვანი თავი დაიხურა Loewe-შიც, როდესაც ჯონათან ანდერსონმა ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრესის მიერ, თითქმის 80%-იანი სიზუსტით დასტურდება ინფორმაცია, რომ ჯონათანი Dior-ის მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორი გახდება. ჯერ-ჯერობით დიორის სათავეში კვლავ რჩება იტალიელი დიზაინერი მარია გრაცია ქიური, თუმცა ინდუსტრიის სანდო წყაროების თანახმად, მომავალ კვირებში, ფრანგული მოდის სახლი ოფიციალურად დაადასტურებს, რომ ქიურის ანდერსონი შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ უკვე ცნობილია თუ ვინ დაიკავებს ლუევეს შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას. ჯონათან ანდერსონს ამერიკელი დიზაინერების წყვილი – ლაზარო ჰერნანდესი და ჯეკ მაკქალა შეცვლიან. ლაზარომ და ჯეკმა ინდუსტრიაში სახელი საკუთარი ბრენდით, Proenza Schouler -ით გაითქვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს Proenza Schouler -ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას.
გასული 6 თვის განმავლობაში, ცნობილ მოდის სახლებში კიდევ არაერთი ცვლილება მოხდა, მათ შორის:
ზემოხსენებულიდან ცხადია, რომ მოდის ბიზნესი მართლაც რომ დრამატული ტრანსფორმაციის პერიოდს გადის. 2025 წლის მრავალმხრივ დამაინტრეგებლი და საინტერესო ჩანს. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე, კიდევ რამდენიმე მოდის სახლი წარადგენს ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელს.